პრეზიდენტის ალტერნატიული შეთავაზება სადავო ნორმის გაუქმებას არ ითვალისწინებს

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული შეთავაზება იმ სადავო ნორმის გაუქმებას არ ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კოლეგიის ერთი წევრი უფლებამოსილი ხდება, პლენუმს ერთპიროვნულად მიმართოს და ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს გადასცეს.
ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მხოლოდ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწევის წინადადებით გამოდის.
კერძოდ, პარლამენტის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი უფლებამოსილი ხდება, ერთპიროვნულად მიმართოს შუამდგომლობით პლენუმს განსახილველი საკითხის გადაცემის თაობაზე. მას შემდეგ, რაც კოლეგიის წევრი მიმართავს პლენუმს, ამ უკანასკნელმა, იმისათვის, რომ უარი განაცხადოს საქმის განსახილველად მიღებაზე და საქმე დაუბრუნოს კოლეგიას, აუცილებელია პლენუმის ექვსმა წევრმა მხარი არ დაუჭიროს მის მიღებას.
როგორც ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებშია აღნიშნული, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, 6-წევრიანი კვორუმი გადაჭარბებულია.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების კვორუმი შემცირდეს სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის უარყოფითი განჩინება დასაბუთებას არ უნდა საჭიროებდეს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დოკუმენტის სასესიო განხილვა მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები