გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება პარლამენტს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ე.წ. ალტერნატიული შენიშვნების სახით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის შემცირებას სთავაზობს, თუმცა, გარკვეულ “სპეციფიკურ და მნიშვნელოვან“ საკითხებზე კვლავ 2/3-იან კვორუმს ტოვებს ძალაში.
პარლამენტის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილი იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება 7 წევრი და კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე არანაკლებ 6 წევრისა. პრეზიდენტის შეფასებით, კვორუმის ამგვარი გაზრდა საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული კვორუმის აწევამ, შესაძლოა, მოსამართლეთა უმცირესობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების დაბლოკვა განაპირობოს.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებების მისარებად განსაზღვრული კვორუმი არის უბრალო უმრავლესობა, რიგ შემთხვევებში – დამსწრე წევრების, ხოლო შედარებით იშვიათად – სრული შემადგენლობისა.
პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად მიაჩნია მხოლოდ ისეთ “სპეციფიკურ და მნიშვნელოვან“ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ამასთან, როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტშია ნათქვანი, აღნიშნულ საკითხთა განსახილველად პლენუმი უფლებამოსილი უნდა იყოს, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის სულ ცოტა 7 წევრი, რაც განაპირობებს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს.
“საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გთავაზობთ, განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა, ექვსი წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად და კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გარდა ზემოაღნიშნული სპეციფიკური შემთხვევებისა, როცა პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა“, – ასეთია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი შეთავაზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები