სააპელაციო სასამართლოში დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა გაგრძელდება
სააპელაციო სასამართლოში დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა გაგრძელდება. „რუსთავი 2“ -ის საქმის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
”ნათლად ვხედავთ, სასამართლო როგორ არის მოტივირებული, რომ სასწრაფოდ დაამთავროს ამ თემაზე მსჯელობა. სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლო შეეცდება, რომ ამ პროცესზევე დაასრულოს საქმის მსვლელობა. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ქმედებებში ნათლად ჩანს, რომ ისინი მიკერძოებულები არიან, ეს არაერთხელ გახდა აცილების საფუძველი, თუმცა მათ არ აიცილეს. შესაბამისად, შესაძლებელია მათი აცილების საკითხი ამ პროცესზეც დავაყენოთ”, – განაცხადა ”რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია არ არის დარწმუნებული, რომ ერთ სხდომაში მოესწრება დარჩენილი ყველა ეტაპის გავლა. სალია არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება ხდება. სასამართლო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.