გიორგი კვირიკაშვილი: კორცხელში მომხდარი ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ

რაოდენ გამომწვევიც უნდა იყოს ჩვენი ოპონენტების ქმედება, ჩვენ, სახელმწიფოს გვაკისრია ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას დასაგმობი ფაქტი უწოდა. მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
„ის, რაც მოხდა სამეგრელოში არჩევნებზე არის მიუღებელი და ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როცა არჩევნები ტარდებოდა ძალადობით. მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს ვინ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ ქვეყნის სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი, ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო სამართალდამცავების მხრიდან, რათა ასეთი შემთხვევა არ გამეორდეს. რა თქმა უნდა ეს ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა მათ რჩეულს,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მანვე აბსურდული უწოდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან სპორტსმენების დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და თანაგუნდელებს მოუწოდა, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას და არ დაუშვან დაპირისპირების საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები