გურამ ადამაშვილი სკანდალურ კვლევებს ასაჯაროებს – 2008 წლიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა საარჩევნო სუბიექტებზე 26 -ჯერ მეტი დაფინანსება ჰქონდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ლიდერი გურამ ადამაშვილი იმ სკანდალურ კვლევებს ასაჯაროებს, რომელიც სხვადასხვა წლებში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მოპოვებულ დაფინანსებებს ეხება.
როგორც მან დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, 2008 წლიდან 2013 წლის გარდა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ მიერ მოპოვებული დაფინანსება, სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ მოპოვებულ დაფინანსებას ზოგიერთ შემთხვევაში 26 -ჯერ აღემატებოდა, ასე მოხდა, მაგალითისთვის, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც – იმ პირობებში, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ შემოწირულება ოპოზიციური პარტიის, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ შემოწირულებას, 2-ჯერაც კი ვერ აღემატებოდა. რაც შეეხება 2016 წელს, მისი განცხადებით, მხოლოდ 4 თვის მანძილზე, იანვარ -აპრილის პერიოდში, შემოწირულობების მხრივ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ახლად დაფუძნებული „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ლიდერობდნენ.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენდა, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდში მთლიანი შემოწირულების 96%, 13,5 მილიონ ლარზე მეტი, საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხა. ამ თანხის წარმომავლობის დადგენა კი 2011 წლის თებერვლამდე ვერ მოხერხდა. 2008–2010 წლების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ და მაქსიმუმ 26-ჯერ აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ.
ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებდნენ.
ასე მოხდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და შემდგომ არჩევნებზე. მაგალითად, თუ ავიღებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაშინდელმა მმართველმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე ყველაზე დიდი დაფინანსება მოიპოვა. შემოწირულების სახით მან 21 მილიონ 214 868,58 ათასი ლარი მიიღო.
შედარებისთვის, მაშინდელი მთავარი ოპოზიციური პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულება დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო და ის 2 042 647,56 ლარს შეადგენდა. ჯამში კი, სულ 32 საარჩევნო სუბიექტმა 32 252 335,93 ლარი მიიღო და აქედან, ყველაზე დიდი თანხა 21 214 868,58 ლარი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულება იყო“,-განაცხადა ადამაშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ კი, 2013 წელს მიღებული შემოსავლების საერთო რაოდენობით კოალიცია „ქართული ოცნება“დაახლოებით 9 მილიონი ლარით ლიდერობდა. მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დაახლოებით 5 მილიონი ლარით, ხოლო მესამეზე -„დემოკრატიული მოძრაობა“, დაახლოებით 3.5 მილიონი ლარით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებულ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ 2013 წელს დაახლოებით 2 634 584,01 ლარის შემოწირულება ჰქონდა მიღებული, მაშინ, როცა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულება 3 391 080,99 ლარი იყო. გურამ ადამაშვილი აღნიშნავს, რომ ამით ნათლად იკვეთება ის კარდინალურად შეცვლილი სურათი, რასაც პარტიების დაფინანსების მხრივ „ქართული ოცნების“ მმართველობისას აქვს ადგილი.
„შედარებისთვის, თუკი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ შემოწირულება ოპოზიციური პარტიის შემოწირულებას, 2-ჯერაც კი ვერ აღემატებოდა (სხვაობა დაახლოებით, მხოლოდ 800 ათასი ლარი იყო), მაშინ როცა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მაქსიმუმ 26-ჯერ აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს“, – განაცხადა ადამაშვილმა.
მისივე განმარტებით, 2015 წელს – პოლიტიკურმა პარტიებმა 2015 წლის განმავლობაში ჯამურად 12 407 707 ლარის შემოსავალი მიიღეს.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოსავალი – 3 251 781 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მოდის. მეორე ადგილზეა „გაერთიანებული დემოკრატრიული მოძრაობა”, რომელმაც 1 470 484 ლარი მიიღო. მესამე ადგილზეა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის მიერ 2015 წელს მიღებულმა საბიუჯეტო და კერძო დაფინანსებამ 1 426 227 ლარი შეადგინა. 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ირიცხება „თავისუფალი დემოკრატების“ ანგარიშზე, რომელმაც გასული წლის განმავლობაში, შესაბამისად, 1 014 739 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ადამაშვილის წარმოდგენილ ანგარიშში, „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“, დაფინანსების საკითხიც მოხვდა, როგორც გაირკვა, 2015 წელს მან სოლიდური შემოსავლების მიღება მოახერხა და უკვე 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, პირველ ადგილზეც კი იყო.
„პოლიტიკურმა პარტიებმა 2016 წლის 3 თვეში შემოწირულების სახით 428 476 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველაზე მეტი შემოწირულება პლატფორმა ”ახალ პოლიტიკურ ცენტრზე” მოდის. მას 168 058 ლარი აქვს მიღებული.მე-2 ადგილზე 143 283 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”; მე-3-ზე კი 45 070 ლარით ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის”. რაც შეეხება 2016 წლის აპრილს, ყველაზე მეტი შემოწირულება – 268 500 ლარი ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო, 149 020 ლარით მეორე ადგილი უჭირავს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”, მესამე კი – 124 000 ლარით ახალ პოლიტიკურ ცენტრ ”გირჩს”“,-განაცხადა ადამაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ ზეწოლას ახდენდა, როგორც კონტროლის პალატის, შემდგომში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის, ისე სასამართლოს საქმიანობაზე და, ძირითადად, მხოლოდ ივანიშვილის კომპანიებისა და მისი მხარდამჭერების მიერ გაღებული შემოწირულებებით ინტერესდებოდა. ამგვარი ზეწოლის და უკანონო დაჯარიმებების ფაქტები კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ ფიქსირდება.

 kvleva-14 kvleva-12 kvleva-11 kvleva-10 kvleva-9 kvleva-8 kvleva-7 kvleva-6 kvleva-5 kvleva-4 kvleva-3 kvleva-2 kvleva-1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები