ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს კარტები მოლაპარაკებებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში, საუდის არაბეთში დაგეგმილი უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები „საკმაოდ კარგ შედეგებამდე“ მიგვიყვანს.
როგორც უკრაინული მედია Forbes-ზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპმა ეს განცხადება Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ვფიქრობ, საუდის არაბეთში კარგ შედეგს მივაღწევთ. […] ვფიქრობ, ამ კვირაში შეიძლება მოხდეს რამდენიმე ძალიან დიდი რამ“, – თქვა ტრამპმა.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა გააფორმებს წიაღისეულის შეთანხმებას აშშ-თან.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ განიხილავს უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების პაუზის მოხსნას.
აშშ-ის ლიდერმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების კარტები არც უკრაინას და არც რუსეთს არ გააჩნიათ.
„მე ვამბობ, რომ მათ [უკრაინას] არ აქვთ კარტები. ნამდვილად არავის აქვს კარტები. რუსეთს არ აქვს კარტები. რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის გარიგება და უნდა შეწყვიტოთ მკვლელობა. ეს უაზრო ომია და ჩვენ ვაპირებთ მის შეჩერებას“, – თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.