სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავა – ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამირან შ. დააკავეს.
ამის შესახებ განცხადება ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“გამოძიებამ დაადგენა, რომ ამირან შ-მ ორგანიზება გაუკეთა ქ. ზესტაფონში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფიდან გვირაბის კუსტარულად გაყვანას, მიწის ქვეშ არსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების – ე.წ. ,,წიდის“ უკანონოდ მოპოვებისა და შემდგომში მისი რეალიზებით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით.
ოფიციალური ინფორმაციით, ხსენებული მაღაზიის იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე და ასეულობით მეტრი სიგრძეზე გაყვანილია კუსტარული გვირაბი, საიდანაც ე.წ. „წიდის“ უკანონო მოპოვება ხდებოდა.
აღნიშნულ უკანონო საქმიანობაზე მფარველობის სანაცვლოდ ამირან შ. დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, რომელსაც ქრთამის სახით პირველ ეტაპზე 700 ლარი, ხოლო სამუშაოების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში სხვადასხვა თანხის პერიოდულად გადახდა შესთავაზა.
ამირან შ-მ საჯარო მოხელეს ქრთამის სახით შეპირებული თანხა – 700 ლარი გადასცა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. ამასთან, გამოძიება გრძელდება ე.წ. წიდის უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და დანაშაულში შესაძლო სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.

 [fbvideo link=”https://www.facebook.com/ssgeo/videos/1028279743892825/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები