სოზარ სუბარი: საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს

საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით სუბარი მიხეილ ჯანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, თავის რუს კოლეგას – სერგეი ლავროვს შეხვდეს.
„ასეთი შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და ამისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქმულა ამ ხელისუფლების მხრიდანაც. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ამისგან რაიმე დადებით შედეგს უნდა ველოდეთ. როგორც კი კონკრეტული შედეგი იქნება მოსალოდნელი, ამისთვის ყველა გზა უნდა გამოინახოს”, – განაცხადა სუბარმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. სერგეი ლავროვთან შესაძლო შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შეხვედრა შესაძლებელია შედგეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას“, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები