საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა თბილისში ჩამოიტანეს

საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა თბილისში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოიტანეს. ამ წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვს ხვდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გეგმის მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.
2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის შედეგებსა და მიღწევებს, რომელთა შორის არის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, პროფესიონალი იურისტების მხრიდან ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების გამოყენების მყარი ცოდნა, საარჩევნო დავების მოგვარების გაუმჯობესებული უნარი, პატიმრებისათვის გაუმჯობესებული ჯანდაცვის პირობები, არასათანადო მოპყრობის გოძიების გაუმჯობესებული შესაძლებლობები, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს შორის განმტკიცებული კონტაქტები ნდობის აღდგენის მიმართულებით.
სამოქმედო გეგმის შესრულება ერთობლივად შეფასდება ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ და რეგულარული ანგარიშები წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. სამოქმედო გეგმის ჩართულობის სფეროებია – ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა, სოციალური უფლებების უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება, სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლა და ნდობის აღდგენის ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები