“პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთს შორის”

ეს არ არის პროვოკაცია, არამედ არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობისა უსაფრთხოების კუთხით – ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, უწყება დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებას პროვოკაციად მიიჩნევს.

ელჩის თქმით, ის ამაყობს, იმით რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში 150 სამხედროს გამოგზავნა გადაწყვიტა.
„ჩვენ ნამდვილად ძალიან ვამაყობთ სწავლებაში მონაწილეობის მიღებით. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის პროვოკაცია, არამედ არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობისა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება. პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი მოსაზრებით, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, – განაცხადა ელჩმა.
ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა ერაყსა და ავღანეთში ქართული კონტინტენგის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს სამხედრო პარტნიორობას“, – აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლება პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქმედება სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გაუარესებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები