ოთარ დანელიამ სამოქმედო გეგმის შესრულების კვარტალური ანგარიში წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მინისტრის მოადგილეებთან, დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების კვარტალური ანგარიში შეაჯამა.
ოთარ დანელიას განცხადებით, დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა და მისი სრულფასოვნად შესრულება, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელი მექანიზმია.
სამუშაო შეხვედრის დროს, საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი პროექტების შესრულების ანგარიში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა წარადგინეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 94%-ით შესრულდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენრეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ
2016 წლის პირველ კვარტალში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბიზნესოპერატორთა შემოწმებების რაოდენობა გაიზარდა (81%–ით დოკუმენტური შემოწმება, 65%-ით ინსპექტირება), დარღვევის ფაქტებმა კი იკლო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ბიზნესოპერატორების კარგად ინფორმირებულობამ და ცნობიერების ამაღლებამ განაპირობა;
ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა;
მცენარეთა დაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება განსაკუთრებით საშიშ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები და პესტიციდების ბაზრის კონტროლი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მელიორაციის მიერ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა 26 ობიექტზე. ამ ეტაპისთვის წყალუზრუნველყოფილია 106,4 ათასი ჰა, ხოლო დაშრობილი ფართობი 28,4 ათასი ჰექტარია.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ, მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გადასაცემად, საანგარიშო პერიოდში შეძენილია 3 351 სკა და 18 საწური.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით მიმიდნარე წლის პირველ კვარტალში გაცემულია 293 სესხი 8,762 819 აშშ დოლარი და 63 სესხი 2,756,177 ლარი.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში საანგარიშო პერიოდში მოხნულმა ფართობმა 37,609 ჰა შეადგინა, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობი ჯამში შეადგენს 85,320 ჰა-ს. აგროქულებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე განაღდებულია 5,391 554 ლარი.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 2014-2016 წლებში დამტკიცებულია 29 პროექტი, ჯამური ღირებულებით 18,961,442 აშშ დოლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ 6,796,375 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს აღნიშნული თანადაფინანსების პროექტიდან გაცემულია 265,842 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
პროექტის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, 2016 წელს დამტკიცებულია 100 განაცხადი. სააგენტოს ჯამური თანადაფინანსება ნერგებსა და სარწყავ სისტემებზე შეადგენს 2,367,874 ლარს. გასაშენებელი ბაღების ფართობი 509 ჰა-ს შეადგენს. პროექტის დაწყებიდან დღემდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაშენების ეტაპზეა 836 ჰა ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 6 საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებებში მსოფლიოს 7 ქვეყანაში. მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანარიშო პერიოდში 47,370 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 14 მლნ აშშ დოლარით მეტია.
სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები რეგიონებში ხორციელდება აქტიურად, გრძელდება საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ხელშწყობა; ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა; საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება; ფერმერთა გადამზადება საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებული განვითარება; სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ფერმერთა ცოდნის ამაღლება და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების გაწევა (ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება); სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ბორჯომში გამართული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის “სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში გაიმართა.
13100674_1041269995948243_6412941192121477830_n 13164447_1041269885948254_8774642935561867319_n 13139354_1041269735948269_5160273089872968148_n 13124798_1041269699281606_1054433972700162447_n 13133202_1041269939281582_2117102013080358078_n 13174200_1041269912614918_5601364310116818726_n 13133344_1041269709281605_3574242569595426415_n 13173827_1041269812614928_2124012192186243804_n 13124484_1041269685948274_4609479434893073831_n 13091893_1041270669281509_4823809788065170486_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები