დავით უსუფაშვილმა სერგეი ლავროვის უწყებას უპასუხა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უპასუხა.
„კითხვები გაჩენილა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ჩემი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და რატომ გაჟღერდა ეს სიტყვები სწორედ 4 მაისს, როდესაც ფოთის პორტში ამერიკული ტანკები გადმოიტვირთა ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად”, – წერს დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თვამჯდომარე საკუთარი განცხადების ხუთპუნქტიან განმარტებას აქვეყნებს.
“1. ჩემი განცხადება გაკეთდა არა ამერიკული ტანკების ფოთში გადმოტვირთვის დღეს და გამო, რასაც თავისთავად მივესალმები, არამედ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. 2. მე ვთქვი და კვლავაც ვადასტურებ, რომ საქართველოს ყოველ ჯარისკაცს, ყოველ მოქალაქეს და ყოველ პოლიტიკოსს, ამგვარი თარიღის აღნიშვნისას სიამაყესთან ერთად ტკივილიც გვეუფლება, ვინაიდან ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი მისია შეუსრულებელია – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ საზღვრებში, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და კონტინენტის ყველა სახელმწიფოს მიერ, გარდა ერთისა, დარღვეულია სამხედრო ოკუპაციის გამო. 3. კონფლიქტის მოგვარებაში შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ცალმხრივად უარის თქმა, რასაც იურიდიული ძალა სწორედ საქართველოს მოქმედმა პარლამენტმა შესძინა, არ ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებული ძალების საზეიმო ღონისძიებაზე არ გავიხსენებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს ან ქართული ჯარი შეწყვეტს სამშობლოს დაცვაზე ზრუნვას. 4. მე მადლობა მოვახსენე ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, რადგან სხვა ქვეყნის თვითმფრინავების მიერ საქართველოს დაბომბვა სწორედ მათმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შეაჩერა და, სამწუხაროდ, მომავალშიც გვესაჭიროება მათი დახმარება მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის. 5. მე იმედი გამოვთქვი, რომ ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები ჩვენი პარტნიორების დახმარებით კიდევ უფრო აიმაღლებენ კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რათა უკეთ შეასრულონ თავიანთი მისია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მოქმედ მისიებში საზღვარგარეთ”, – განმარტავს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მის განცხადებაში განსამარტი არაფერი იყო და რუსეთის საგარეო უწყების განცხადება იყო “თითიდან თემის გამოწოვის პროპაგანდისტული საჭიროება”.
“მე, ჩემი მხრიდან, არ მაქვს კითხვები იმ ადგილობრივ და უცხოელ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რომელთა ხმაშეწყობილი რიტორიკა, ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაცია და მსგავსი ფოკუსირებული შემოტევები სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს – აქ ყველაფერი ნათელია”, – წერს დავით უსუფაშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პარლამენტის სპიკერის დავით უსუფაშვილისგან მის მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტება მოითხოვა.
“ამის მორიგ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დ. უსუფაშვილის ბოლო დროს გაკეთებული საჯარო განცხადებები. ნათქვამი იყო, რომ სანამ “ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია შეუსრულებელი რჩება”. მისი შესრულების საფუძვლად კი სპიკერმა არა მხოლოდ “ქართველი სამხედროებისა და ოფიცრების გმირობა”, არამედ პარტნიორების – ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებაც დაასახელა. ვისურვებდით, გაგვეგო, რას ნიშნავს ეს განცხადებები?” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ დავით უსუფაშვილის განცხადება გაკეთდა 4 მაისს, როდესაც ფოთის პორტში ამერიკული ტანკები ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები