საქართველოს საგარეო უწყება სერგეი ლავროვს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის მხარის მიერ საქართველოში დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება პროვოკაციულ ნაბიჯად არის შეფასებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება.
ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები.
„ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მანევრები არ არის მიმართული არცერთი მხარის წინააღმდეგ. ანალოგიური სამხედრო წვრთნები საქართველოში გასულ წელსაც ჩატარდა. მსგავსი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროებში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამავე დროს, ნატოსთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე როგორც აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებში შედის.
6 მაისს, რუსეთის საგარეო უწყებამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2016” შესახებ.
რუსული მხარე აღნიშნულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანამიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“.
ქართულ-ამერიკულ სწავლება Noble Partner 2016-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანშია. 8 ერთეული M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი”, სამედიცინო – საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, ასევე სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ფოთის პორტიდან ვაზიანის მიმართულებით ეშელონებით 5 მაისს გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები