დავით ნარმანია: “ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ

“ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ გადაცემა 2030-ში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, “პოლიტიკურ ოპონენტების, ვინც საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მასობრივად ცრუობს და საკრებულოს დარბაზს პოლიტიკური შოუს მოსაწყობად იყენებს, დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს”.
„ჩვენ დავამკვიდრეთ ისეთი პრაქტიკა, როცა დედაქალაქის მერი ყოველი წლის ბოლოს საკრებულოში ბიუჯეტს წარადგენს და ამავდროულად, საკრებულოს ანგარიშს აბარებს. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მე მევალება, წელიწადში ერთხელ საკრებულოში ანგარიში გავაკეთო, რასაც პირნათლად ვასრულებ. თავის დროზე, იქ ორჯერ ვიყავი, როცა ბიუჯეტი წარვადგინე და ანგარიშიც გავაკეთე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდებს შორის არ შეიძლება მივიდე. საკრებულოში ძალიან ხშირად დავდივარ და უმრავლესობასთან კომუნიკაციაც მაქვს. ასე რომ, უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში, დადგენილი წესის მიხედვით, მივალ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ. პოლიტიკურ ოპონენტებს, ვისაც საღი აზრი აქვს და საზოგადოებას არ ატყუებს, პატივს ვცემ, მაგრამ ვინც საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მასობრივად ცრუობს და საკრებულოს დარბაზს პოლიტიკური შოუს მოსაწყობად იყენებს, მათ დაძახილზე მისვლას არ ვაპირებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა ურჩია.
“ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის პოზიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს.  უბრალოდ, გავოცდი ამ განცხადების გამო. მინდა, ვთხოვო და ვურჩიო ბატონ დავითს, რომ გაითვალისწინოს  – თუ დეკემბრამდე არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრიდან საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია – ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს, თუ პარლამენტს, მაინცდამაინც დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი წარსული. ყველა კითხვაზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები