გია ვოლსკი: ვურჩევდი დედაქალაქის მერს, მივიდეს საკრებულოში

„მეც ვურჩევდი დედაქალაქის მერს, მივიდეს საკრებულოში“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას.
როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი დავით ნარმანიას ურჩევს, საკრებულოში მივიდეს და ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.
“მკაცრი განცხადება იყო. მეც ვურჩევდი დედაქალაქის მერს, მივიდეს საკრებულოში და მიაწოდოს ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ დასამალი არაფერია”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელება იგეგმება და ამ საკითხზე არა მარტო ნარმანიამ, არამედ პრესსამსახურებმაც ხმამაღალი განცხადებები უნდა გააკეთონ. გიორგი ვოლსკიმ თბილისის მერს უსურვა, ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს დედაქალაქის საკრებულოსთან. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, გაოცებულია თბილისის მერის განცხადებით, რომ დეკემბრამდე არ აპირებს საკრებულოში მისვლას. უსუფაშვილი ნარმანიას შეახსენებს, რომ დეკემბრის შემდეგ შესაძლოა, უკვე საკრებულოს და სხვებსაც აღარ მოუნდეთ მისი მოსმენა. თბილისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი დავით ნარმანიას მისვლას დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხის განსახილველად ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები