დავით უსუფაშვილი თბილისის მერის პოზიციის გამო გაოცებულია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაოცებულია თბილისის მერის პოზიციის გამო, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ცენტრალური ორგანოებიდან თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა არ არის სწორი.
“ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის, პოზიციამ იმასთან დაკავშორებით, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ამაზე უბრალოდ გავვოცდი ამ განცხადების გამო. მინდა, ვთხოვო და ვურჩიო ბატონ დავითს, რომ გაითვალისწინოს – თუ დეკემბრამდე არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრიდან საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია – ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს, თუ პარლამენტს, მაინცამაინც დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი წარსული. ყველა კითხვაზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მიუსვლელობა და კითხვებზე პასუხის გაუცემლობა, შემდგომი სპეკულაციებისა და ჭორებისთვის ყველაზე უფრო ნოყიერი საფუძველია.
„მინდა, დავინახო განვითარებული თბილისი, ათვისებული ტერიტორიები, გაშენებული ბაღები, მაგრამ მე მინდა ვხედავდე, რომ ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი მითქმა-მოთქმის საფუძვლების გარეშე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ისიც ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რაღაც წარმოაჩინოს თავისთვის სასარგებლოდ და თუ ვინმე ზედმეტად აბუქებს პრობლემას, ამას სჭირდება ფაქტებით, ქაღალდებით, დოკუმენტებით უარყოფა და არა ის, რომ მე არ მოვალ სადმე და არ დაგელაპარაკებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები