მამუკა არეშიძე რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის გამწვავებას პროგნოზირებს
ექსპერტი მამუკა არეშიძე პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას, სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს გამოეხმაურა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, რუსეთი საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, საქართველოს ექნება შანსი, რომ მის ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მიიპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი აზრით, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში მათი ურთიერთობა რუსეთთან გამწვავდება.
„მოსკოვი ყოველთვის ამბობდა, ჩვენ აფხაზეთი ვაღიარეთ, სამხრეთ ოსეთიც ვაღიარეთ, მაგრამ ვერ ვაღიარებთ ყარაბაღს, რადგან თავად სომხეთს არ აქვს აღიარებულიო. ახლა, როდესაც სომხეთი აღიარებს დამოუკიდებლობას, რუსეთი იძულებული გახდება, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. თუ სომხეთმა ათ მაისს ეს ნაბიჯი გადადგა, რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის სერიოზული გამწვავება მოხდება, თუმცა 10 მაისამდე გარკვეული დრო დარჩა და ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა. დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართება ბაქოსა და მოსკოვს შორის, ვაშინგტონსა და ერევანს შორის, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ვნახოთ, ვინ როგორ ივაჭრებს და ვინ მოიგებს ამ გეოპოლიტიკურ ვაჭრობას. დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ჩვენი პროცესი უფრო ღრმად არის წასული და უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ დასავლელი პარტნიორებიდან რეგიონის მიმართ, რომელთა ყურადღებაც განელდა, ვგულისხმობ აშშ-ს და ევროკავშირს, შეიძლება მოხდეს დამატებით ყურადღების მიქცევა. თუ სომხეთის პარლამენტი დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ ეს იქნება ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა“, – განაცხადა არეშიძემ.