“საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის ყველა მექანიზმი აქვს”

საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის ყველა მექანიზმი აქვს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის შეხვედრას დაესწრო, სადაც ამ საკითხზე ისაუბრეს.
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამის სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნამა ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნატოსა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ.
„საქართველო ნატოს ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გაგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთში და იქამდე ერაყში”, – აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.
თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ავღანეთში საქართველომ 30 მეომარი დაკარგა და დაახლოებით 300 დაუშავდა. „საქართველო თავს არ ზოგავს. ჩვენ ყოველ წუთს მადლიერნი ვართ მისი. ქართველი ჯარისკაცები უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშიც მკურნალობენ. ამგვარად, საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის უშუალო თვითმხილველნი ვართ”, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები