“საქართველოში მყოფი მთავარი პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთმანეთის დასასუსტებლად ბრძოლა მიმდინარეობს”

ექსპერტი მამუკა არეშიძე, პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას, „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას ეხება. მისივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ეს მოთხოვნა შესაძლოა, იმ პროცესის ნაწილი იყოს, რომელიც წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. კერძოდ კი, არეშიძის განმარტებით, პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან, ახლა ერთმანეთის დასასუსტებლად მიმართული ბრძოლა მიმდინარეობს.
„საქართველოში მყოფი მთავარი პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთმანეთის დასასუსტებლად ბრძოლა მიმდინარეობს. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რა მეთოდებითაც შეუძლიათ, ერთმანეთს ისე ებრძვიან. ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, თუ იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შემდეგ დღის მწვავე თემა გახდება და რომელსაც აჰყვებიან საზოგადოების წარმომადგენლები თუ სხვა. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რომელსაც ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია მიმართავს. ამ კონტექსტშია „ეს შენ გეხებაც“.
მე ვთვლი, რომ ის ფორმა, რომელიც დღეს გასაღებთან დაკავშირებით არსებობს, არ არის სრულყოფილი, თუმცა აპრობირებულია მსოფლიოს რიგ ქვეყნებში. ასევე ვთვლი იმასაც, რომ იმას, რასაც აყენებს ორგანიზაცია „ეს შენ გეხება“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ესეც დაასუსტებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემას – ჯოხს ორი ბოლო აქვს. ერთი მხრივ, ეს წესი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეიძლება არ ვარგა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, უფრო მაღალი უსაფრთხოების დაცულობაა საჭირო. შეიძლება ხელისუფლებაც მართალი იყო და საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც „ეს შენ გეხებას“ მხარს უჭერს, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოება, სწორედ აქედან უნდა გამოვიდეთ. პოლიტიკური ოპონენტების დევნა მძიმე დანაშაულია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოებაა მთავარი“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები