სასჯელაღსრულების სამინისტრო თურქეთში მყოფ ქართველ პატიმრებს სააღდგომოდ საჩუქრებს გაუგზავნის (ფოტო/ვიდეო)

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრებს გზავნის.
როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თურქეთში გასაგზავნი პასკები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედ შპს GMM-ის საცხობში მსჯავრდებულებმა გამოაცხვეს.
აღნიშნულ საწარმოში სწორედ მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, მსჯავრდებულებისთვის სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.
თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის რელიგიურ დღესასწაულებზე შესაბამისი ამანათების გაგზავნის შესახებ შეთანხმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გასული წლის დეკემბერში, თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია.
თურქეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების პირობების გაუმჯობესება, მათთვის საქართველოდან ქართულენოვანი წიგნების, საეკლესიო ნივთებისა და სადღესასწაულო კერძების მიწოდების უზრუნველყოფა სთხოვა, რაც თურქულმა მხარემ გაიზიარა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თურქეთში საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებისთვის/ბრალდებულებისთვის „საქართველოს ფოსტის“ ხელშეწყობით, ქართულენოვანი წიგნები, რელიგიური ლიტერატურა და ნივთები გაგზავნა.
წიგნებით უწყებას გამომცემლობა „პალიტრა L“ დაეხმარა, ხოლო საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა საპატრიარქომ გამოყო. ამჯერადაც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააღდგომო საჩუქრების თურქეთში გაგზავნაში დახმარებას „საქართველოს ფოსტა“ უწევს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ულოცავს თურქეთში და ყველა სხვა ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უწყება მათზე ზრუნვას მომავალშიც განაგრძობს.
13124451_990074214401943_8784779109846730587_n 13096216_990074177735280_1769174043294675622_n 13124451_990074174401947_2617510049625449279_n 13096216_990074427735255_6192518548882498440_n 13083258_990074274401937_6807041045724673746_n 13087844_990074211068610_163798400580846082_n 13077082_990074324401932_1891937248200208634_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები