„მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოს მძიმე კითხვებს გაურბის“ (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოს მძიმე კითხვებს გაურბის, რითაც არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ მთელი მსოფლიოს ეჭვებს აძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში, დისტანციურ დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის უარის კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ალტერნატიული მეთოდით დაკითხვაზე უარით მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროკურატურა მოქმედებდა კორექტულად, კანონის ფარგლებში, თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა იგნორირება გაუკეთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს და არც ალტერნატიული დაკითხვის ფორმას დათანხმდა.

„მინდა, დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მას ეშინია და გაურბის მძიმე კითხვებს. მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანად საზოგადოება, რომ მას დღეს თუ ხვალ მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მას მოუწევს, უპასუხოს სხვა კითხვებსაც, ვინაიდან ის, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. მოხდა 300 ათასი ადამიანის გასამართლება, ათასობით ადამიანს წაერთვა ბიზნესი და სახლები, უამრავი ადამიანი  წამების მსხვერპლი გახდა. ბევრ გახმაურებულ მკვლელობაზე  გამოძიებას პასუხები სჭირდება. ჩვენ ვართ თანამიმდევრული. იგივე ჟვანიას საქმის ირგვლივ „ნაციონალების“ მიერ წამოწყებული ისტერიკა სრულიად გაუგებარია. პირველ რიგში, ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ გამოძიება  მშვიდ ვითარებაში და გამჭვირვალედ წარიმართოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშილის განმარტებით, აქვს სრული დასტური პროკურატურისგან, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები