ზაქარია ქუცნაშვილი: 14 მაისი მმართველი პარტიისთვის ათვლის წერტილი იქნება ყბადაღებულ შეკითხვებზე პასუხების მოსაძებნად

„ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარა ქუცნაშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან და მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ და შევიდნენ საარჩევნო სიაში, მან განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ის არ ფლობს.
„დატოვებით კახა კალაძეს თანამდებობას ვერავინ დაატოვებინებს. შეთავაზებით კი შეიძლება შესთავაზონ. ვინ მოგისჯის ახლა, წადი და სამტრედიაში იყარე კენჭიო. შესაძლოა, შესთავაზონ, მაგრამ არა მარტო კახას. დაველოდოთ 14 მაისს, ვფიქრობ, ეს თარიღი მმართველი პარტიისთვის ათვლის წერტილი იქნება ყბადაღებულ შეკითხვებზე პასუხების მოძებნისათვის“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
დღევანდელ კონფერენციაზე ქუცნაშვილმა „რესპუბლიკელ“ მინისტრებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. ის მართებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არ ტოვებს პოზიციას არჩევნებამდე. წინ ვარშავის სამიტია და ქუცნაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ხიდაშელი გადადგებოდა, ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ქუცნაშვილი ასევე გამართლებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თანამდებობას ინარჩუნებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები