ნინო ჩხობაძე მთავრობას კარანტინის გამოცხადებას სთხოვს

„მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე საქართველოს მთავრობას კარანტინის გამოცხადებას სთხოვს. მიზეზი რეგიონში გავრცელებული „ბზის ალურაა“. პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხობაძემ ისიც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დაწესებულებები არ გაატარებენ საკარანტინო ღონისძიებებს, გამორიცხული არ არის, რომ ბზობის დღესასწაულზე ამ მავნებელმა ოჯახებშიც შეაღწიოს.
ჩხობაძის განმარტებით, “ბზის ალურა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონშია გავრცელებული და მცენარეებს საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის.
„ალურა თავდაპირველად სოჭში გაჩნდა და ეს მავნებელი ოლიმპიადის დროს შემოვიდა. ის გავრცელდა ჯერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდგომ გადმოვიდა სამეგრელოში და რეალურად საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის იმ საკულტო მცენარეს, რომლის დღესასწაულიც რამდენიმე დღეში გვექნება – ბზობის დღესასწაულს ვგულისხმობ.
„ალურაზე, ფლეგის ფარგლებში, 2014 წელს ჩატარდა კვლევა. კვლევებმა მოგვცა საშუალება, გაგვეკეთებინა კონკრეტული დასკვნები, თუმცა საბოლოო დასკვნის საშუალება სახელმწიფოს ამ კვლევებმა მაინც ვერ მისცეს.
დღეს მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა დასავლეთ საქართველოში და უკვე აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნიმუშები არის აღმოსავლეთ საქართველოშიც.
„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მან გამოაცხადოს კარანტინი. გაატაროს თუნდაც საკარანტინო ღონისძიებები საქართველოში და შეზღუდოს ბზის გადატანა – გადმოტანა ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპონენტი თვლის, რომ კარანტინის გამოცხადებას აზრი არ აქვს, რადგანის მაინც გავრცელებულია, გეტყვით, ჯერ კიდევ არის ბზები, სადაც არაა შესეული „ბზის ალურა“. შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის ბზის გადარჩენის საშუალება მაინც არსებობს.
„ბზის ალურა“ არ არის კავკასიისთვის დამახასიათებელი მავნებელი მცენარე და ის შეიძლება გადავიდეს სხვა მცენარეებზეც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფო დაწესებულებებს, გაატარონ საკარანტინო ღონისძიებები, რომ ალურა არ შევიდეს ოჯახებში ბზობის დროს“, – განაცხადა ჩხობაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჩხობაძე საზოგადოებას მოუწოდებს, ბზის ყიდვამდე ისინი დააკვირდნენ მცენარის ტოტებს, რადგანაც ალურა ერთგვარი ჭიაა, რომელიც მზის ამოსვლასთან ერთად გარეთ გამოდის, და იმ შემთხვევაში, თუ დააფიქსირებენ ამ ჭიას, მაშინ მექანიკურად გაანადგურონ ის – ხელით მოაცილონ. მისივე განცხადებით, „ბზის ალურა“ ადამიანებისთვის საშიში არ არის, თუმცა ის საკმაოდ აქტიური მავნებელია და სასურველი იქნება, თუ ოჯახში არ მოხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები