შს მინისტრმა კონფლიქტურ რეგიონთან მდებარე საგუშაგო მოინახულა – ვიდეო

შს მინისტრმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტურ რეგიონთან არსებული რუხის საგუშაგო მოინახულა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ.
გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოსაც ესტუმრა. შს მინისტრმა ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილმა ჯარისკაცებთან ერთი დღე გაატარა, თანამშრომლების მუშაობის პროცესსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს პირადად გაეცნო.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში განხორციელებული რეფორმების შედეგად, პირადი შემადგენლობის სოციალური პირობები გაუმჯობესდა, დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები განვითარდა და თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა, სამეთაურო და სპეციალური დანიშნულების მანქანები შესაბამისი საკომუნიკაციო და მართვის საშუალებებით შეიარაღდა, რამაც მოსამსახურეთა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების კონტროლის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა.
შს მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები