რუსეთი „დიდი ოცეულის“ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დონალდ ტრამპს უჭერს მხარს
ბრიტანული კომპანია YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობასაც აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი სურს და არა ჰილარი კლინტონი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რუსეთში გამოკითხულთა 31%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 10%-მა – კლინტონს. G20-ის ყველა სხვა ქვეყანაში კლინტონი დიდი უპირატესობით ლიდერობს. ყველაზე მეტი მომხრე ჰილარი კლინტონს მექსიკაში ჰყავს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ტრამპი არაერთხელ გამოსულა მოწოდებით, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ. ასევე ის აშშ-დან რამდენიმე მილიონი მიგრანტის გაძევებას მოითხოვს. მექსიკელების გარდა, კლინტონს აქტიურად უჭერენ მხარს იტალიელები, გერმანელები, ესპანელები და სამხრეთ კორეელები. YouGov-მა გამოკითხვა გერმანული ჟურნალისთვის – Handelsblatt Global Edition-თვის ჩაატარა.