ერდოღანმა ევროპარლამენტის რეზოლუციას პროვოკაცია უწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას პროვოკაცია უწოდა. ევროპარლამენტმა გასულ კვირას ხმების უმრავლესობით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც თურქეთში ქურთების საკითხის მუგვარებლობის, ასევე ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
როგორც მანამდე ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა განაცხადა, ანკარა ამ რეზოლუციას გმობს, ვინაიდან მასში 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების მოწოდებაც არსებობს.
„23 აპრილს ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი თურქეთში ჩამოსვლას და ლტოლვილების ბანაკების მონახულებას გეგმავს. სამი მილიონი ლტოლვილი აქ რჩება იმის გამო, რომ ევროპას პრობლემები არ შეუქმნან და რა წერია ამის შესახებ რეზოლუციაში? მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ასეთ პრობლემურ საკითხებზე ევროპასთან საერთო ენის გამონახვას, მსგავსი დოკუმენტის მიღება პროვოკაციული და დამანგრეველი ნაბიჯია“, – განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე დაამატა, რომ თურქეთმა ეს რეზოლუცია უარყო და ის ევროპარლამენტს დაუბრუნა.