დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ვიცე-პრემიერი აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გასაცნობად მიმდინარე წლის 5 აპრილსაც იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესს პირადად გააკონტროლებდა და ყოველკვირეულად ჩაიბარებდა ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით.
ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში უნდა დასრულდეს. გასული კვირის შესრულებული სამუშაოები: სამიმოსვლო ბილიკის 200 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაგებულია 22 მეტრის სიგანის, ასფალტის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა; სამიმოსვლო ბილიკის „ჩარლის“ დანარჩენ მონაკვეთზე მიმდინარეობს არსებული საფარის მოფრეზვის და მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება დანარჩენ მონაკვეთზე ასფალტის გადაგება. ასაფრენ/დასაფრენი ზოლის 13R კურსით დაგებულია 560 მეტრი სიგრძის და 60 მეტრის სიგანის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა. ასაფრენ/დასაფრენი ზოლის ორივე მხარეზე (13R კურსით) მოეწყო საჰაერო ხომალდების მოსაბრუნებელი ადგილები.
აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეალური გარანტიაა იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები