„საქართველოში გატარებული საარჩევნო ცვლილებები შეესაბამება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცა ეუთომ”
საქართველოში გატარებული საარჩევნო ცვლილებები შეესაბამება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცა ეუთომ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ევროსაბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მისი ანგარიში მოისმინა, რომელიც „ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს“ სხდომას ეხებოდა.
„ევროსაბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოისმინა ჩემი ანგარიში, რომელიც ეხებოდა „ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს“ სხდომას, მე ამ სხდომას ვესწრებოდი, როგორც ევროსაბჭოს კომიტეტის წარმომადგენელი. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოლქების განაწილების საკითხი და მაჟორიტარულ არჩევნებში ბარიერის გაზრდა. მე მქონდა დეტალური მოხსენება, რომ საქართველოში გატარებული საარჩევნო ცვლილებები შეესაბამება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცა ეუთომ, ევროსაბჭომ და სხვა ორგანიზაციებმა. დადებითი დასკვნა ჰქონდა „ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევის საბჭოს“’ და ასევე ჰქონდა რეკომენდაცია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს არჩევნებამდე ყველა ის პროცედურა, რაც ეხება საარჩევნო ადმინისტრირების პროცესს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.