გია ვოლსკი: ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი

პრაგმატულები უნდა ვიყოთ – ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა.
„ერთადერთი, რამდენადაც მახსოვს, ბელგიაშია სამი თვე წინასაარჩევნო პერიოდი და გაცილებით უფრო ნაკლები – სხვა ევროპულ ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდის დაწყება 5-6 თვით ადრე დამაზიანებელია როგორც ბიუჯეტის, ასევე, ორგანიზაციული თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერის შეთანხმებას ამ თემაზე, ვფიქრობ, იგი უნდა შედგეს ისე, როგორც საზოგადოებას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნებს, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, გია ვოლსკი ამბობს, რომ სერიოზული შესწორებები მოხდა როგორც ვენეციის კომისიის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს რჩევების გათვალისწინებით.
„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვი, რომ ეს საარჩევნო სისტემა – ნაწილობრივ პროპორციული და ნაწილობრივ მაჟორიტარული – მიმაჩნია სამართლიანად. სერიოზული შესწორებები მოხდა, ისე როგორც ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო სასამართლო გვირჩევდა და ვფიქრობ, ამ გზით უნდა ვიაროთ. სხვა სისტემა რომც მოგვწონდეს მე და ჩვენს ფრაქციას, ახლა ამის შეცვლა შეუძლებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები