„ბიძინა ივანიშვილი უფრო რადიკალურად მხარდამჭერია დასავლური ორიენტაციის, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის დეკლარირებას აკეთებს“

ბიძინა ივანიშვილი უფრო რადიკალურად მხარდამჭერია დასავლური ორიენტაციის, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის დეკლარირებას აკეთებს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კურსთან და მის პრორუსული გამოცემების სიმპათიებთან დაკავშირებით.
”რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ არაერთხელ გვქონია ამაზე საუბარი. მეტსაც გეტყვით, გვქონია საუბარი – ის კიდევ უფრო რადიკალურად მხარდამჭერია დასავლური ორიენტაციის, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის დეკლარირებას აკეთებს. რაც შეეხება იმას, ბიძინა ივანიშვილს რომელი გაზეთი მოსწონს, არ ვიცი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეკითხვას ანტიდასავლური გამოცემების გაძლიერებასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ანტიდასავლურ მედიასთან ბრძოლის ახალი მეთოდი ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ წამოიწყო.
”რაც შეეხება ანტიდასავლურ მედიასთან ურთიერთობას, ჩვენ სულ უახლოეს წარსულში წამოვიწყეთ სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა. ის, რომ ანტიდასავლური განწყობების გავრცელება ქვეყანაში არ არსებობდეს, არის ორი გზა – ერთი არის, რომ დახურო მედიასაშუალებები და მეორეა ის, რომ გააძლიერო პროდასავლური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია პროდასავლური ფასეულობების უფრო პოპულარიზაციაზე და ჩვენ ამას ვახორციელებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები