პრემიერ-მინისტრი: NDI-ის კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს ადეკვატურად რეალობას

NDI-ის კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს ადეკვატურად იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კვლევა საინტერესოა და წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია რაღაც მომენტები.
„NDI არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მას ძალიან პოზიტიური როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებაში და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებში. NDI-ის მხრიდან სპონსორირებული არაერთი პროგრამა გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა განმარტა, კვლევას ახორციელებენ სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები.
„მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას. კვლევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს იგივე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობასთან მიმართებაში და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.
რაც შეეხება პიროვნებების პოპულარობას ან არაპოპულარობის რეიტინგებს, მე ვფქირობ, რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენატრის გაკეთება, შესაძლოა რაღაცას ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ. კვლევა რაღაცა კუთხით ალბათ საინტერესოა და წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელი.
ვფიქრობ, რომ არის გარკვეული მაჩვენებლები ამ კვლევაში, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან და იმ განცდისაგან, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია. აქედან გამომდინარე, კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს ადეკვატურად იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები