მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს – ბეჟან ჭკადუასა და რევაზ პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ მიიღო.
მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა, რომ არსებობდა ორივე ბრალდებულის მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
თავის მხრივ, დაცვის მხარე ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. უფლებადამცველები დაკავებულების მხრიდან ყაჩაღობის ფაქტს გამორიცხავდნენ და მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა დღევანდელი სხდომის მსვლელობისას დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეს ესროლა. მისი განცხადებით, თავს იცავდა და ამ მიზეზით, განახორციელა გასროლა, თუმცა არ დააკონკრეტა რისგან იცავდა თავს.
ცნობისთვის, 5 იანვარს ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან რუს მოქალაქეს ესროლეს, შემდეგ კი ცხედარი გადამალეს. ბრალდებულები პოლიციამ მეორე დღეს დააკავა.
რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.