მონიკა ჰოლმაიერი – ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები საქართველოს მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი

“ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკური კოორდინატორი, მონიკა ჰოლმაიერმა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის პროცესის წარმატებით დასრულებას ელოდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ვფიქრობ, ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, რადგან საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მართლაც, დადებით შედეგებს მიაღწია. საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროკომისიასთან. რაიმე დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოკლე დროში გადავჭრით ამ პრობლემებს“, – განაცხადა ”ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკურმა კოორდინატორმა, მონიკა ჰოლმაიერმა, სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე ინფორმაციით, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 2016 წლის 13-14 აპრილს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები