სირიის ოპოზიცია ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს
სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები 13 აპრილს ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ. ოპოზიციის მოლაპარაკების უმაღლესი კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ იყო ცნობილი. ამის შესახებ სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა ახია არიდიმ განაცხადა. „ასეთი შიშის პირობებში დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. ბატონმა ლავროვმა დღეს თქვა, რომ სირიაში სამართლებრივი ვაკუუმი არ უნდა არსებობდეს. მაგრამ სად არის რამე სამართლებრივი, რომ მისი ვაკუუმი არსებობდეს?“ – განაცხადა არიდიმ. არიდის თქმით, ოპოზიციამ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე ზუსტად იცოდა იმ ადამიანების სახელები, ვინც პარლამენტში მოხვდება. ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის პროგნოზი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით 100%-ით გამართლდება.