რიმა ბერაძე: არ გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინების სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმის გზით მოხდეს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც რეფერენდუმზე და ქორწინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, საკითხი რეფერენდუმზე გაიტანონ. ბერაძე იმასაც აცხადებს, რომ რეფერენდუმი შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების პარალელურ რეჟიმში ჩატარდეს.
„ქართული ოცნება“ შემოვიდა ინიციატივით, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ეს საკითხი შესულია საქართველოს პარლამენტში და მიდის მსჯელობა. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხის გატანა შესაძლებელია რეფერენდუმის გზით მოხდეს. როდესაც კანონში ხდება ცვლილების შეტანა, საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის, უფრო მეტად ლეგიტიმურია, თუ ის განიხილება რეფერენდუმის გზით და, რა თქმა უნდა, რეფერენდუმის ჩატარებას აქვს თავისი პროცედურები. არსებობს მოსაზრება, რომ ეს განხორციელდება საპარლამენტო არჩევნების პარალელურ რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეზიდენტმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, მივესალმები, რომ თუ ვერ მოხერხდა საპარლამენტო გადაწყვეტილების მიღება, მაშინ რეფერენდუმის გზით მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილება“,- განაცხადა ბერაძემ.