ვახტანგ ძაბირაძე: წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივლისი ოპტიმალურია
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას, რომ პრეზიდენტმა არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დადებითად აფასებს.
როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, 8 ივლისის დასახელებით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის კიდევ ერთი თვე ჰქონდეთ.
ძაბირაძის თქმით, პარტიებს და პოლიტიკურ მოძრაობებს 8 ივლისამდეც არ უკრძალავს კანონი წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელებას, მაგალითად, ამომრჩეველთან შეხვედრას.
მისივე განმარტებით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება წინასაარჩევნო კამპანია.
„უკვე ცნობილია, რომ არჩევნები ჩატარდება 8 ოქტომბერს, შესაბამისად, პოლიტიკურ სუბიექტებს უკვე შეუძლიათ, თავისუფალ რეჟიმში წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ. 8 ივლისი უფრო მეტად განსაზღვრას ცესკოს მიერ გასატარებელ პროცედურებს, კომისიების დანიშვნას და ასე შემდეგ, ასევე სატელევიზიო დროებზეა საუბარი, რომელიც წინასაარჩევნოდ აგიტაციისთვის უნდა იქნას გამოყენებული. ასევე ეს თარიღი დაკავშირებულია მინისტრების გადადგომა – არგადადგომასთან. ვფიქრობ, რვა ივლისი იქნება ოპტიმალური თარიღი იმისთვის, რომ შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყოს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის. პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.
კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.
”არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას.
რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას თავიდან ავიცილებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.