მიხეილ დუნდუა: ქადაგიძის შემდეგ ლარი საგრძნობლად დასტაბილურდა

იმასთან შედარებით, რაც ქადაგიძის ხელში იყო, ლარი საგრძნობლად დასტაბილურდა, – აღნიშნული განცხადება 20:30 -ის წევრმა, ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ, პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას გააკეთა. მისივე განცხადებით, გარკვეული პერიოდის წინ, ოპოზიციონერი ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ლარი წარმოუდგენლად მაღალ ნიშნულს მიაღწევდა, თუმცა ასე არ მოხდა და ლარი განაგრძნობს გამყარებას. როგორც დუნდუამ განაცხადა, მისი დიაპაზონი, სავარაუდოდ, 2 დან – 2.3-მდე იმერყევებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ექსპერტები თვლიდნენ, რომ კურსი 2.50-ს ასცდებოდა, 3 და 4-ს მიაღწევდა. ქადაგიძემ იმდენი გააკეთა, რომ კურსმა 2.50 -ს მიაღწია. მაგრამ წავიდა თუ არა კურსი, დასტაბილურდა და ახლა ის 2.25-ის მიდამოებში მერყეობს. შეიძლება დიაპაზონი იყოს 2-სა და 2.30 -ს შორის, მაგრამ თანდათანობით ის დასტაბილურდება და გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ის იყო შარშან“,- განაცხადა დუნდუამ.
შეკითხვაზე, თუ რა განაპირობებდა ეროვნული ვალუტის ცვლილებას, დუნდუამ განაცხადა, რომ ქადაგიძის ფაქტორი მართლად ხელისშემშლელი პირობა იყო, თუმცა ახლა ის ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს, მათ შორის კი ბიზნესსესხების აღების გამარტივების პროცესს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
„ქადაგიძის შემდგომ კურსმა ერთბაშად ამოისუნთქა, შემდგომი ნაბიჯები არის ეროვნული ბანკის ნაბიჯები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გადაიდგმება და ბიზნესსესხების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული. ნაკლებად იქნება ისეთი სავალალო წნეხი მოსახლეობაზე, როგორც ეს ქადაგიძის პერიოდში იკვეთებოდა. მაშინ რიგითი მოქალაქის სესხის გადახდის რაოდენობა შემოსავლის ნახევარზე მეტი იყო. როდესაც ეს პრობლემები დარეგულირდება და ეკონომიკის შექმნას მეტი სესხი მოხმარდება, ვიდრე საიმპორტო მოხმარების გაძლიერებას, მაშინ ორი ხელით შეგვეძლება, რომ ეკონომიკა რთული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ“,- განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები