საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის – 12 კილომეტრიანი – აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია Black Sea Group და ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L აწარმოებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია. როგორც უწყებაში განმარტავენ, აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.