მოსამართლემ ე.წ. ფარული ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებისათვის დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფარული ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებისათვის დაკავებული პირების – ზურაბ ჯამალაშვილის, ირაკლი ფხალაძისა და გელა ღურწკაიას პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სასამართლოს დახურვის გადაწყვეტილება, მოსამართლე რომან ხორავამ პროკურორის შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.
პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. პროკურორმა მოითხოვა, დახურულიყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული სხდომა, მოტივად კი პროკურორმა პერსონალური მონაცემების გავრცელება დაასახელა.
პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, დღევანდელ პროცესზე არ ხდება საქმის არსებითი განხილვა, შესაბამისად, ნაკლებია პერსონალური მონაცემების გავცრელების ალბათობა.
მოსამართლეს სიტყვით მიმართა ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფხალაძემაც, რომლის თქმითაც, საინფორმაციო საშუალებები მათ საქმეს ”ცალსახად აშუქებენ”, ხოლო დღევანდელი პროცესის ღიაობა ხელს შეუწყობს ”ინფორმაციის დაბალანსებას”.
„ვატყობ, რომ საინფორმაციო საშუალებები ინფორმაციას ცალსახად ავრცელებენ, რადგან პროკურატურას ბევრი ბერკეტი აქვს. ეს პროცესი უნდა იყოს ღია. ჩვენი მხრიდან პერსონალური ინფორმაცია არც წინა პროცესზე გაჟღერებულა და არც დღეს ვაპირებთ ამაზე ვისაუბროთ, ხოლო, თუ პროკურატურა სპეციალურად აპირებს, ეს უკვე არ ვიცით. იმისთვის, რომ სწორად იყოს ინფორმაცია მიწოდებული, მოვითხოვთ, რომ პროცესი იყოს ღია“, – განაცხადა ირაკლი ფხალაძემ.
თავის მხრივ, როგორც მოსამართლე რომან ხორავამ განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლით იხელმძღვანელა და პროკურატურის შუამდგომლობა საფუძვლიანად ჩათვალა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ სხდომათა დარბაზი როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ბრალდებულების ახლობლებმაც დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები