ვის დაუკვეთა მეგის ქარდავამ გენერალ დუმბაძის მკვლელობა – სუს-ის საგანგებო ბრიფინგი – ვიდეო

გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ მეგის ქარდავამ შუამავლის მეშვეობით მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა.
სუს-ის ინფორმაციითვე, ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 7 აპრილს გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და 8 აპრილს ბრაალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად იქნა მიცემული საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს მოქალაქე გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე.
გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, ქალაქ მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით. სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალები არ ხმაურდება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები