ლეონიდ ჩერნოვეცკი რიგითი მოქალაქეების და მაღალჩინოსნების პენსიების გათანაბრებას ითხოვს
ამასთან, “ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, მას აქვს შესაძლებლობა, რომ სოციალური სტანდარტები, პენსიები და ხელფასები გაზარდოს ისე, რომ ამის ხარჯზე არ მოხდეს ინფლაციის გაღვივება. ჩერნოვეცკის აზრით, საპატიო პენსიის დანიშვნა, მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულებით უნდა ხდებოდეს, ისიც საქართველოს მოქალაქეების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშნავად.
“საეჭვოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გასაგები იყოს ის იდეოლოგია, რომლითაც წინა და ახლანდელი პარლამენტი, ხელისუფლება ხელმძღვანელობს. მე ის მესმის, როგორც ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მეტი არაფერი… წინასაარჩევნო პერიოდში ერთი პარტია ამომრჩეველს პენსიების 20 ლარით გაზრდას ჰპირდება, მეორე – 50 ლარით… რა თქმა უნდა, შემოსავლის მომატება კარგია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მოქალაქეების დანაზოგი ინფლაციისგან, ხოლო ლარი დევალვაციისგან არის დაცული. მაგრამ, არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა მოუვა ამ ფულს ერთ წელიწადში არსებული რეალობის გათვალისწინებით. ასეთი წარმატებით პენსიის 1000 ლარამდე გაზრდაც შეიძლება, მაგრამ საკითხავია, რამდენად ექნება ამ ფულს ფასი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – მაღალჩინოსანთა პენსია და პრივილეგიები! მე მიმაჩნია, რომ მათი პენსია იდენტური უნდა იყოს იმ თანხის, რომელსაც რიგითი მოქალაქეები იღებენ.
გულწრფელად რომ ვისაუბროთ, ისინი უფრო მეტს არც იმსახურებენ, რადგან უმრავლესობას ფაქტობრივად პარლამენტში მუშაობისას არცერთი კანონპროექტი არ შეუქმნია და არც საარჩევნო ოლქში გამოუჩენია თავი. ისინი თავიანთ ცხოვრებაში არავის დახმარებიან! ჩემი აზრით, საპატიო პენსიის დანიშვნა, მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულებით უნდა ხდებოდეს, ისიც საქართველოს მოქალაქეების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშნავად!
ჩვენი პარტიაც იმის მომხრეა, რომ პენსია და სოციალური დახმარება გაიზარდოს. პირველივე წელს ეს თანხა 100 ლარით შეიძლება გავზარდოთ და ყოველწლიურად ისეთი ტენდენციით გავზარდოთ, რომ ხუთ წელიწადში ჩვენმა მოქალაქეებმა თვეში 400-500 ლარი მიიღონ. მე კარგად ვიცი, როგორ ავამაღლო სოციალური სტანდარტები, პენსიები და ხელფასები ისე, რომ ამის ხარჯზე არ მოხდეს ინფლაციის გაღვივება. ბედნიერი საქართველოს ასაშენებლად კი საჭიროა – ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, უახლესი ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა, განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილების დანერგვა (შვეიცარია, ისრაელის მაგალითზე) და რაც მთავარია, მუშაობა არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ!“, -აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.