პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გაეროს მომხსენებელს შეხვდა
ბავშვთა ვაჭრობის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან შეხვედრა გაიმართა.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილი ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მოდ დე ბურ-ბუკიკიოს შეხვდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი, ქ-ნი ნეკანე ლევინი და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ უწყებათშორის საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (შემდგომში სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფი) წევრები.
სპეციალური მომხსენებელი დაინტერესდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურებით. ასევე, გამოწვევებით და თავისებურებებით, რაც ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა საქმეებს ახასიათებთ.
სოფო ჯაფარიძემ სპეციალური მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ უწყებათშორის საბჭოს და მასთან მოქმედი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის საქმიანობის თაობაზე.
ნატალია ჯალიაშვილმა მოდ დე ბურ-ბუკიკიოს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განახლებული სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017) შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო ბავშვთა უფლებების ინტეგრირებას სამთავრობო სამოქმედო გეგმაში და ამ უკანასკნელის შესრულების საკოორდინაციო მექანიზმს.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი საქართველოში 18 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი შეხვდება როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, მოინახულებს ბავშვთა სახლებს და თავშესაფრებს.