რას წერდა ამერიკული მედია დავით კეზერაშვილზე
2010 წლის ნოემბერში, ამერიკულმა გამოცემა „მეინ ჯასთისმა“, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „კორუფციის გამოძიება იარაღის ბიზნესის შესახებ საქართველოსკენ მიუთითებს“. სტატიიდან ამ კორუფციული სქემის გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაააფართოვა თავისი გამოძიება კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის იარაღის მიყიდვას უკავშირდება. როგორც საქართველოს საზოგადოება მეტ-ნაკლებად არის ინფორმირებული, საუბარია იანვარში დაკავებულ 22 ეჭვმიტანლიზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ იარაღის ბიზნესში. მათგან სამმა კი, კორუფციული სქემით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წელს სამხედრო მოქმედების დაწყებამდე 21,2 მილიონი ერთეული ამუნიცია მიჰყიდა.
სტატიის ავტორი ქრისტოფერ მეთიუ აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს მთავრობა საბრძოლო მასალების ძიებაში იყო. სწორედ ამ დროს, ასპარეზზე გამოჩნდა პიროვნება სახელად დენიელ ალვირესი, რომელსაც შეეძლო ეშოვა „ემ-855“ ტიპის საბრძოლო ტყვიები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
თუკი ადრე გამოძიება მალავდა ისრაელის მოქალაქის ვინაობას, რომელიც გაყიდვების აგენტად იყო მოხსენიებული საქმეში, ამჯერად, მისი სახელიც ცნობილი ხდება. ეს არის ოფერ პაზი, რომელიც ერთ-ერთია 22 დაკავებულს შორის. პაზი ისარელში დაფუძნებული კომპანიის „პაზ ლოჯისტიკის“ პრეზიდენტია.
რაც შეეხება, უშუალოდ, ამუნიციის შესყიდვას, გამოძიებამ ამ ადამიანის გვარიც დაადგინა. ეს არის ბრალდებული მარკ მორალესი. საქმეში ის სახელდებულია, როგორც: `შეთქმულების მონაწილე ნომერი ერთი.“
ასევე, მათი თანამზრახველია ფლორიდაში მცხოვრები საულ მიშკინი, რომელიც სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული მასალებით ვაჭრობდა. მიშკინი საქართველოს მთავრობაზე თავისი ბიზნესპარტნიორის, ისრაელში მცხოვრები მოქალაქის შაბთაი ბატაშვილის საშუალებით გავიდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ თავის მხრივ, ბატაშვილს კავშირი ჰქონდა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრთან საქართველოში დავით კეზერაშვილთან. ავტორი კეზერაშვილის კარიერასაც იხსენებს.
კერძოდ – ის მხოლოდ 29 წლის იყო, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
თანამდებობა კი დეკემბერში დატოვა. ის თბილისშია დაბადებული და თავის ახალგაზრდობის რამდენიმე წელი მეორე სამშობლოში – ისრაელში აქვს გატარებული. მისი ზუსტი კავშირი ისრაელში წარმოებული იარაღის ბროკერთან – ბატაშვილთან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
დავით კეზერაშვილის შესახებ წერს „მეინ-ჯასტისის“ კიდევ ერთი ავტორი სტივ ლევინიც. სტატიის სათაურია: „სააკაშვილის პროტეჟე საქართელოს რუსეთთან ომში ჩაბმაში დაეხმარა.“
ავტორი იხსენებს კეზერაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან ომამდე ტელეკომპანია „რუსთავი-2-ს“ მისცა.
„ჩემი ამოცანაა, დავასრულო საქართველოს არმიის მშენებლობა, რათა საქართველომ შეძლოს, ყველა მისი ინტერესის დაცვა“. ეს სიტყვები დავით კეზერაშვილს ეკუთვნის.
ავტორი წერს: „მას არ დაუკონკრეტებია, რა ამოცანაზე საუბრობდა, თუმცა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს ამოცანა ისრაელელი კონტრაქტორების დონეს მოიცავდა.“
სტივ ლევინი წერს, რომ ომის შემდეგ ისრაელმა საქართველოს სამხედრო დახმარება შეწყვიტა მოსკოვის მოთხოვნის გამო.
თელ-ავივი რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, რათა სირიას და ირანზე მოსკოვის გავლენას შეუშალოს ხელი. რაც შეეხება კორუფციულ სქემას, რომლის გამოც 22 ადამიანია დაკავებული, სტატიის ავტორს კეზერშვილის პირადმა თანაშემწემ ნინო ჯიბლაძემ განუცხადა, რომ კეზერაშვილი ამ საქმის დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებს. როგორც ჯიბლაძემ სტივ ლევინს განუცხადა, კეზერაშვილი ამჟამად ნავთობისა და გაზის ვაჭრობით არის დაკავებული.
http://www.amerikiskhma.com/a/article——-108241489/533100.html
ნინუას საქმე
პროკურატურის განცხადებით, “2008 წლის 10 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია Girwood Business Corp-ის სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა ბრძანება – ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ”.
ამავდროულად, გამოძიების ვერსიით, “დავით კეზერაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ნინუა, რომელმაც კომპანიის გამოცდილების და შესაძლებლობების შემოწმების გარეშე, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანია Girwood Business Corp-თან, თავდაცვის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით”.
პროკურატურის განცხადებით, “ხელშეკრულების თანახმად, საავანსო თანხად განისაზღვრა მთლიანი თანხის 40 %, მაშინ როდესაც კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობაც კი არ გააჩნდა, არ დაევალა საბანკო ან სხვა სახის გარანტიების წარმოდგენა”.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სინამდვილეში ხელშეკრულება იყო ფიქტიური და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია Girwood Business Corp სამხედრო ქვედანაყოფებში არანაირი სახის სასწავლო წვრთნები არ ჩაუტარებია.
“დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია Girwood Business Corp-ს.
თავდაცვის სამინისტროდან ოფშორულ ზონაში არსებულ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხად გადაერიცხა 2 330 937 ევრო. ხოლო დარჩენილი თანხების გადარიცხვის მიზნით, თავდაცვის სამინსიტროში ყალბი ანგარიში შედგა, თითქოსდა კომპანიის მიერ სამხედრო დანაყოფებში ჩატარებული სწავლებების შესახებ, რითაც კომპანია Girwood Business Corp-ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა დამატებით 2 729 062.50 ევრო.
მთლიანობაში, დავით კეზერაშვილმა და ალექსანდრე ნინუამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისე რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა, კომპანიის Girwood Business Corp’-ის სასარგებლოდ გაფლანგეს 5 060 000 ევრო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი”, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შეყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ალექსანდრე ნინუამ სამი კვირის წინ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს.
ნინუა აღნიშნავდა, რომ „პროკურატურას უნდა დაასწროს“.
მას ორი ბრალი უკვე წაყენებული აქვს. აქედან, ერთ-ერთზე, რომელიც საიდუმლო წარმოების წესების დარღვევას ეხება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ალექსანდრე ნინუას განცხადებით, მან შეგნებულად დააკავებინა პოლიციას თავი და იარაღი დააგდო პოლიციის თვალწინ. ამის მიზეზი კი, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ნინუაზე განხორციელებული ზეწოლები გახდა. კერძოდ, ნინუამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, პროცესზე განაცხადა, რომ მას არაერთხელ მოსთხოვეს პროკურატურაში მისი მეგობრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ამის შემდეგ კი დაიწყეს მის თანამშრომლებზე ზეწოლა. ნინუამ აღნიშნა, რომ ციხის არ ეშინია და სწორედ აქედან გამომდინარე მოაწყო დაკავების პროვოცირება.