ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კაზბულატ ცხოვრებოვი გადადგა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, „ცხოვრებოვმა თანამდებობა დე ფაქტო ლიდერთან, ლეონიდ თიბილოვთან სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხში აზრთა პრინციპული სხვადასხვაობის გამო დატოვა“.
თიბილოვის პრესსამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. კაზბულატ ცხოვრებოვი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2015 წელს დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. შესაძლოა, ცხოვრებოვის გადადგომის მიზეზი სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს.