პაატა კიკნაველიძე: სიმართლე გითხრათ, პარლამენტის წევრობის დიდი სურვილი არ მქონია
“ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კიკნაველიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა.
კიკნაველიძის განცხადებით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა პარტიაში. როგორც მან განმარტა, მაშინ, როდესაც ის პარლამენტში მოხვდა, იურიდიული კადრების დეფიციტი იყო და მისი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება ერთგვარად ამანაც განაპირობა.
“სიმართლე გითხრათ, პარლამენტის წევრობის დიდი სურვილი არ მქონია, რადგან არ მქონდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პრაქტიკა. ვეწეოდი კერძო იურიდიულ პრაქტიკას, მაგრამ რადგან იყო ასეთი სურვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან და, მეორე მხრივ, ჩემთვისაც საინტერესო იყო საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა, შედგა დროებითი შეთანხმება იმაზე, რომ მაჟორიტარული წესით ვიყრიდი კენჭს. ამის იქით არანაირი შეთანხმება არ გვაქვს. არ ვაპირებ, ჩემი თავი შევთავაზო ვინმეს, თუკი „ქართული ოცნება“ ჩათვლის, რომ საჭირო ვარ, იმის გათვალისწინებით, აქამდე რა სამუშაოებიც ჩამიტარებია, შეიძლება ვიფიქრო ამ თემაზე, მაგრამ ეს არის ცალსახა, ჩემი ინიციატივა, რომ ვიყო პარტიულ სიაში, არ არის“,- განაცხადა კიკნაველიძემ.