სასამართლომ ბაღების სააგენტოს შენობასთან დაკავებული ქალბატონი გაათავისუფლა

სასამართლომ ბაღების სააგენტოს შენობასთან დღეს დაკავებული ქალბატონი – თამარ იარაჯული გაათავისუფლა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მოქალაქე თამარ იარაჯულის მიმართ. სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად, თამარ იარაჯული პროტესტის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდა ბაგა-ბაღების სააგენტოს მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე. სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, მშობელი თ. იარაჯული არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი და გადასულიყო ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე. თამარ იარაჯული დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება და დადასტურებულად მიიჩნია თ. იარაჯულის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი და თამარ იარაჯული სამართალდამრღვევად სცნო. იმავდროულად, სასამართლომ თამარ იარაჯული გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა. სასამართლოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში“, -აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები