ე.წ. ფარული კადრების საქმეზე დაკავებულების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ე.წ. ფარული კადრების საქმეზე დღეს დაკავებულების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი. ინფორმაცია “კვირას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი.
კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;

მათივე განცხადებით, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. კერძოდ, , პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები