სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ომბუდსმენს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
მინისტრმა და უჩა ნანუაშვილმა შეხვედრაზე უახლოეს თვეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელეს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომელიც ომბუდსმენსა და მის წარმომადგენელს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების საშუალებას მისცემს. ეს საკითხი მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს. ბრძანების პროექტი სახალხო დამცველთან ერთად განვიხილეთ, რადგან არ მინდა ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული წესები ერთპიროვნულად განვსაზღვრო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
უჩა ნანუაშვილი ფოტოგადაღების უფლების მინიჭებას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, საკითხის დარეგულირების მიზნით შესაბამისი ბრძანების პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობით მომზადდება.
კანონის თანახმად, სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღებების უფლება 2016 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭება. აღნიშნული ღონისძიება პენიტენციური სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები