IDFI – პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები საზღვარგარეთ არის გატანილი
„ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები გატანილი არის საზღვარგარეთ“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია (IDFI) „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფარულ მიყურადებაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებების მექანიზმის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან, მათი მტკიცებით, წინა წლებთან შედარებით, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება.
„საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი არის ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პროგრესი ნამდვილად არ არის, პირიქით, ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები გატანილი არის საზღვარგარეთ. ამას მოწმობს უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერები. ასევე საქართველოში ახლად გამოქვეყნებული ვიდეომასალებიც“,- აღნიშნა კლდიაშვილმა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში ფარული მიყურადების თემაზე.