სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა გაზაფხულის ბოლოს იგეგმება
ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd – ის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებმა, კომპანიის დირექტორის დევიდ ვიდანის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს, კერძოდ, მშენებლობასთან და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შეკვეთასთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე განხილულ იქნა პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობა.
“ქარხნის მშენებლობის დაწყება გაზაფხულის ბოლოს იგეგმება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საბოლოო სამშენებლო ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ზუსტდება ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, მათ შორის კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან და თბილისის მერიასთან.
ასევე გადამწყვეტ ფაზაშია შესული ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურები. პროექტის მართვის მიზნით, საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems – Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებულმა JSC Aerostructure Technologies Cylone-მა (ATC) წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმად კომპანიას დაწყებული აქვს სპეციალისტების შერჩევის პროცესი, რომელთა ნაწილი ტრენინგს ისრაელში გაივლის. ქარხანაში დასაქმდება 300-მდე სპეციალისტი, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 60 კადრი. საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები.
ქარხანა Elbit Systems – Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ქარხანას ოპერირებას გაუწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems – Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC). პროექტის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.